Powered By Blogger

Wednesday, July 10, 2019

გიცქერ - მიღიმი




  

გიცქერ - მიღიმი...სევდას ვერ ვხედავ, მე შენს თვალებში,
ალებს გიწითლებს, გულში ნადები გრძნობა ფაქიზი,
გინდა თქვა: - შენზე ფიქრებმა, მე მომცა ცხოვრების საზრისი,
არისი იმისა, ვარ და ვიქნები შენთან მარადის...
დარაბის კარებს, გიღებს ნათელი და ეს ნათელი შენი სანთელი,
ანთებულიხარ წმინდა გრძნობებით, თავისუფლებას მოწყურებული;
წყალი გწყურია, შესვი გაცოცხლდი...
ვით უდაბნოში -  ნორჩი ყვავილი.
შენი სურნელი, ვარდის სურნელი,
დამათრობელი, როგორც ნექტარი
და ეს დღე ნეტარი, რასაც ენატრი, 
თვალთაგან გდის უმანკო ცრემლები 
და ეს ცრემლები სიცოცხლის მომცემი, 
ჩვენი სიკვდილის დამმარცხებელი.


        

Thursday, March 28, 2019

პოეტის კალამს




მწერლისთვის, პოეტისთვის იარაღი კალამია... ის გადმოგვცემს საზოგადოებისთვის სათქმელ სიტყვას - შემაგონებელს, მამხილებელს, მაკრიტიკებელს... და თუ უფალთან მისასვლელ გზას არ გვიჩვენებს, ფუჭია მისი კალმობა.
  პოეზიის დანიშნულებაა, - აღძრას სურვილი, ადამიანმა გამოიძიოს, იპოვოს შემოქმედთა შემოქმედი. პოეზია გამომთქმელია აზრებისა გრძნობებისა, განცდებისა... ხილული და არახილული გრძნობების გადმოცემა შეუძლია.
ადამიანს პოეზიამ უნდა ჩაუნერგოს თავისუფლების წყურვილი, რათა ერი თავისუფლების გზაზე დააყენოს; გაუქრობელი ცეცხლი დაუნთოს თითოეულ ჩვენთაგანს. ერთგვარ მისიონერულ როლს ასრულებს ღმერთსა და ადამიანს შორის, უფლისგან მოვლენილია მიწაზე ერის საზრუნავად, რათა ამოძირკვოს ადამიანის სულში გამეფებული ცოდვანი, - თითქოსდა ტკბილი და ესოდენ მწარე, მომაკვდინებელი. დაანახოს ადამიანს მისი ამქვეყნად მოსვლის მიზანი და დანიშნულება.  გასცეს პასუხი შეკითხვებს: თუ საიდან? რისთვის ან რა მიზეზით მოევლინა წუთისოფელს?!
  სწორედ რომ პოეტის ლექსები, თეოლოგიურ-ფილოსოფიურ ხასიათს უნდა ატარებდეს,  სადაც მან  იგავურ-ალეგორიული მეტყველებით გადმოსცეს, თვით ყოველთა საწყისისა და მომნიჭებლის, ღმერთის მიერ ხილული და უხილავი სამყაროების,  მისი უსაყვარლესი და უსათნოესი ადამიანის, სოტერულ-ესკატოლოგიური ცხოვრება.
   პოეტის მდიდარი სულიერი სამყაროს მშვენიერება ვლინდება მის ლირიზმში, რომანტიზმში, პატრიოტიზმსა და მისტიციზმში.
  პიროვნების მიზანი და იდეალი, სულიერ-ზნეობრივი სრულყოფილებისაკენ სწრაფვაა. ის რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ადამიანი ადგება თეოზიზაციის გზას, რომელსაც ჭეშმარიტება და სიცოცხლე ჰქვია და ყოველი ადამიანი მისკენ უნდა ილტვოდეს. ამინ!